30 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
რუსეთ-თურქეთი ომის ზღვარზე - ბოლო 48 საათის განმავლობაში ანკარამ უკვე 34 სამხედრო დაკარგა

იდლიბის პროვინციაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა. მსხვერპლი სირიის სამთავრობო ძალების საარტილერიო იერიშს მოჰყვა. ვითარების უკიდურესად გამწვავების შედეგად, ბოლო 48 საათის განმავლობაში ანკარამ უკვე 34 სამხედრო დაკარგა. დანაკარგების მიუხედავად, მკაცრი რიტორიკა ისმის ანკარაში. თურქეთი სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. ასადი რომ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედებს, ამაზე საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია, თანხმდება, სწორედ ამიტომ თურქეთის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას მიმართავს.

"მოვუწოდე პუტინს, ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს. ისიც ვკითხე პუტინს, რა მიზნები აქვთ მათ სირიაში? თუ სამხედრო ბაზის შექმნა გსურთ, შექმენით, მაგრამ ჩვენს ჯარებს გაერიდეთ," - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

მას შემდეგ რაც რუსეთ-თურქეთი ომის ზღვარზე აღმოჩნდნენ, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდა. დებატები მწვავე აღმოჩნდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა თურქ სამხედროებზე თავდასხმას სირიის ომის უმძიმესი მომენტი უწოდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთი მკაცრად გააკრიტიკეს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში დასდეს ბრალი და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვეს.

"შტატები სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. მოვუწოდებთ რუსეთს და ასადის რეჟიმს, კონფლიქტის ზონიდან თავიანთი ძალები გაიყვანონ. რუსეთმა უნდა შეაჩეროს შეტევა, სანამ უფრო მეტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება,"- აღნიშნავს გაეროში აშშ-ის ელჩი ​კელი გრანტი.

ალტერნატიულ ვერსიაზე საუბრობს რუსეთი, რომელიც ასადის რეჟიმის იერიშებს იდლიბის პროვინციაში ლეგიტიმურს უწოდებს და თურქ სამხედროებზე თავდასხმასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს.

"იდლიბის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის საპასუხოდ, სირიის არმიას უფლება აქვს, უპასუხოს და ჩაახშოს ტერორისტები. არ შეგვიძლია, ავუკრძალოთ სირიის არმიას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მოთხოვნების შესრულება, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა ფორმით უპირობო ბრძოლას ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი მისსავე ტერიტორიაზე, დამოუკიდებელი სირიის ტერიტორიაზე," - აცხადებს გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია.

მიგრანტების ახალი ტალღა ევროპას თურქეთის გავლით უკვე მიადგა. მხოლოდ ბოლო 3 თვეში ასადის რეჟიმისა და რუსეთის ავიაციის მიერ მიტანილი იერიშების გამო, კონფლიქტის ზონა მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა.

"ჩვენ შორის არიან ბავშვები. ზოგი მათგანი მხოლოდ რამდენიმე თვისაა. საკვებიც არ გვაქვს. შეხედოს ამ ბავშვებს მსოფლიომ," - აცხადებს სირიელი მიგრანტი.

ომსა და კონფლიქტს გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ. თუმცა, ბერძენმა სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მიგრანტების დიდი ნაკადის გამო, საბერძნეთმა სასაზღვრო პატრულირებაც გააძლიერა. საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე კი, ზამთრის მძიმე კლიმატურ პირობებში ათასობით ადამიანი ამ დრომდე ღია ცის ქვეშ რჩება.

დღის ამბები