30 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ხელისუფლებასთან მორიგ დიალოგამდე ოპოზიცია შიდა კონსულტაციებს სავარაუდოდ ხვალ გამართავს - რა მოლოდინია პოლიტიკურ სპექტრში

რა კონკრეტული მოდელით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია. განიხილება რამდენიმე ვერსია, თუმცა რომელ ვარიანტზე კეთდება აქცენტი, ამას ბოლო დღეების განმავლობაში არცერთი მხარე არ აზუსტებს. მორიგ დიალოგამდე შიდა კონსულტაციებს ოპოზიცია სავარაუდოდ ხვალ გამართავს. ბოლო არაფორმალური შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გუშინ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით არსებითი პროგრესი მიღწეული არაა:

"ნებისმიერი შემოთავაზება, რომელიც არ აკმაყოფილებს არსებითად პროპორციულის პირობას და ნებისმიერი შემოთავაზება, რომელიც არ არის კავშირში პოლიტიკური დევნის დასრულებასთან, არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც რაღაც არსებითი პროგრესი ან ყინულის დალღობა. მაგრამ 100/50-დან რომ ფეხი მოიცვალეს ეგ პროგრესად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ რეალურად პროგრესი არაა იმიტომ რომ აქედან დაძვრა არ ნიშნავს, რომ რეალურად პროპორციულ სისტემას განიხილავენ," - განაცხადა სერგი კაპანაძემ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მოდელში არის ისეთი ხვრელები, რომელიც შესაძლოა მმართველმა გუნდმა ბოროტად გამოიყენოს:

"არის კონკრეტული შემოთავაზებები იმ ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ეს პრინციპი იყო ის რომ ნებისმიერ პარტიას, რომელსაც 40%-ზე ნაკლები აქვს მოსახლეობის მხარდაჭერის, ის ვერ უნდა აკომპლექტებდეს მთავრობას, თუმცა იმ მოდელში რასაც ხელისუფლება გვთავაზობს არის რაღაც ხვრელები, რომლის არდახურვის შემთხვევაშიც, ჩვენი აზრით ეს მოდელი შეიძლება ხელისუფლებამ ბოროტად გამოიყენოს," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს,  რომ ოპოზიცია საკითხებს ლეიბორისტების ოფისში უახლოეს მომავალში შეაჯერებს:

"მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული გარღვევა იყო, მაგრამ ის, რომ ხელისუფლება მზად არის რაღაც ნაბიჯებზე, კომპრომისზე წამოვიდეს და უფრო პროპორციული სისტემისკენ დაახლოვდეს მათი ხედვები, ეს გამოიკვეთა. ახლა რა განხორციელება ექნება ამას და როგორ ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს. ჩვენ ალბათ დღეს თუ არა ხვალ იმ ცნობილ ოფისში გვექნება შეჯერება საკითხების," - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

მმართველი გუნდის წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების გადანაწილება გონივრულ ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს:

"ეს იქნება 100/50-ზე თუ 110/40-ზე ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება გონივრულ მასშტაბებში უნდა ჯდებოდეს.როდესაც საუბარია იმაზე, რომ პირობითად ვიძახი, იყოს 20 მაჟორიტარული ოლქი, ეს უკვე გონივრულ ჩარჩოებშიც არ ჯდება იმიტომ რომ ნახევარ იმერეთს ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი. ჩვენ როდესაც ვამბობთ 50-ს და თანახმა ვართ ვისაუბროთ 40 მაჟორიტარულ ოლქზე,, ეს გულისხმობს იმას, რომ მეტნაკლებად შესაძლებელია გონივრულ ფარგლებში საქართველოს ტერიტორიის მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფა," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები