30 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
კორონავირუსი და საქართველო - რა ხდება ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მსოფლიო რუკაზე წითლად მოინიშნა

საქართველოში COVID-19-ის პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების სიაც გაიზარდა. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დათესონ პანიკა, მოერიდონ ახლო კონტაქტს და დაიცვან ჰიგიენა. რჩევები ერთნაირია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყებაში კერძო ლაბორატორიებს აფრთხილებენ, არ გამოიყენონ ქვეყანაში შექმილი სიტუაცია მერკანტილური და კომერციული ინტერესებისთვის და არ ჩაატარონ ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე ბინაზე მისვლით. ახალი ვირუსის გამოვლენა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაშია შესაძლებელი, სადაც კვლევა შესაბამისად გადამზადებული მედპერსონალის მიერ ტარდება.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ტესტი სულ 41 საეჭვო პაციენტს ჩაუტარდა, მათგან "კოვიდ 19" მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს მაღალი ტემპერატურა და ვირუსის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები. ის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. პროფილურ კლინიკაში ამ დროისთვის სულ 18 პაციენტი წევს, მათ შორის ფოთიდან გადმოყვანილი ახალგაზრდა ქალი და ახალი, ჯერ დაუდასტურებელი დიაგნოზის მქონე 13 პაციენტი.

პაციენტებს, რომელთაც კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურდათ, აბასთუმანში კარანტინში გადაიყვანეს. ისინი იზოლირებულები, როგორც რისკ ჯგუფის წარმომადგენლები, ორი კვირის განმავლობაში იქნებიან.

უკვე მეშვიდე დღეა, საჩხერის საავადამყოფოს ტერიტორიაზე კარანტინშია საქართველოს ის 34 მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ჩინეთიდან ჩამოვიდა. არცერთ მათგანს ამ დრომდე ვირუსის სიმპტომი არ გამოვლენია.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე საქართველო წითლად მოინიშნა, ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა. დეფიციტი ნიღბებზე მსოფლიოს მასშტაბით არსებობს, თუმცა ბრენდირებულ აფთიაქებში ამბობენ, რომ მარაგი მალე შეივსება.

"კოვიდ 19" საქართველოში სახმელეთო საზღვრით ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოხვდა. ინფიცირებულია 50 წლამდე საქართველოს მოქალაქე. მის თანმხლებ პირს ვირუსი არ დაუდასტურდა, ტესტი ნეგატიურია მებაჟეების შემთხვევაშიც, რომლებმაც ინფიცირებული შეამოწმეს. ისინი ამჟამად მაინც გადიან საკარანტინო პერიოდს.

ფაქტზე განცხადება აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა - უწყების ცნობით, საბაჟოდან ამოღებული კადრების გაანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეს ირანი-აზერბაიჯანის საზღვარზე ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა. ყველა პირი კი, რომელსაც საზღვრის გადაკვეთისას დაინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, სამედიცინო კონტროლზეა აყვანილი.

დღის ამბები