დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია, მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შესაბამის შეფასებებს გააკეთებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას არავისთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს.
"თქვენ ბრძანეთ სანქციების გამკაცრება, თქვენ იცით, რომ ჩვენ რაიმე სანქციები გვაქვს? არ არსებობს სანქციები. მოდით ასე მოვიქცეთ, ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს. კონსენსუსი არის შედეგი ყველა მხარის მიერ პატარა-პატარა რაღაცების დათმობის. ეს პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ. განსაკუთრებით, ასეთ მნიშვნელოვან საარჩევნო წელიწადს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.