30 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო პრევენციული მექანიზმებს კიდევ უფრო გააძლიერებს

კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო პრევენციული მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ სამინისტროში საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზეც იმსჯელეს. 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იგეგმება დამატებითი სამედიცინო მარაგების შესყიდვა. 

"შევაფასეთ არსებული მარაგების რაოდენობა და დაიგეგმა, დამატებით რა მარაგების შესყიდვა არის საჭირო და ამასაც დაუყოვნებლივ უზრუნველვყოფთ, იმისთვის სრულად იყოს ეკიპირებული ყველა ის სამსახური, ვინც მონაწილეობს უშუალოდ სამედიცინო სერვისის მიწოდებაში. იყო საუბარი სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე, იგეგმება პირველადი ჯანდაცვის სამსახურების მეტად აქტიური ჩართვა და მათთან ინსტრუქტაჟის გაძლიერება, ასევე საინფორმაციო ფლაერების გავრცელება,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სასაზღვრო პუნქტებზე სპეციალური ბრიგადები არიან მობილიზებული. შემოწმდება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო გზით ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანი. მისივე თქმით, ყველა ბრიგადა არის სრულ მზადყოფნაში, იმისათვის, რომ საეჭვი შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეების დროული ტრანსპორტირება მოხდეს.

"ყველა სასაზღვრო პუნქტზე, საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო პუნქტებზე მობილიზებულია ჩვენი ბრიგადები. ხდება აბსოლუტურად ყველა ადამიანის სკრინინგი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების, რომლებიც ჩაითვლება საეჭვოდ და მათი მოძრაობა დაწყებულია იმ ქვეყნებიდან ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია დიდი რაოდენობის კორონავირუსის შემთხვევები. ყველა ბრიგადა არის მზად, იმისთვის რომ მოახდინონ დროული ტრანსპორტირება საზღვრიდანვე,“ - აღნიშნა თალაკვაძემ. 

დღის ამბები