საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ზურაბ აბაშიძე განმარტავს, თუ რატომ არის მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე ოპტიმალური მოცემულ ვითარებაში.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია რუსეთის ფედერაციის პოზიცია.
"უკვე რამდენიმე თვეა ამ თემის ირგვლივ არ წყდება აჟიოტაჟი და სპეკულაციები. ეს გახდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და აშკარად შეიქმნა რისკი იმისა, რომ ამ ფონზე შეიძლება ჩვენს ქვეყანას და მის რეპუტაციას ამ ვითარებამ მიაყენოს ზიანი. ამის გათვალისწინებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად გაგებით შეხვდნენ ამას სტრასბურგში. ხაზს ვუსვამ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა," - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში აღარ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაცია არ ჩამოვა. საქართველოს დედაქალაქის ნაცვლად სხდომა სტრასბურგში ჩატარდება.