განზრახ მკვლელობა განსაკუთებული სისასტიკით, წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ - დედის და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სკოლის მოსწავლეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
ბრალის წაყენების შემდეგ დაკავებულის ადვოკატმა საქმის დეტალებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბრალდებული სკოლაშიც და სახლშიც ბულინგის მსხვერპლი იყო და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ხშირად დასცინოდნენ. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მან სკოლა ხშირად გამოიცვალა. სხვათაშორის ერთ-ერთ სკოლაში მას ტელეფონის ქურდობასაც აბრალებდნენ. ოჯახში წვრილმან საკითხებზეც კი კამათი ჰქონდათ. მის პოზიციას არ იზიარებდნენ საკუთარი ოჯახის წევრები. ყოველივე ეს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან მძიმედ ისახებოდა," - აცხადებს მიხეილ ზაუტაშვილის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.
დაკავებულის სკოლიდან გადასვლის მიზეზზე საუბრობს თბილისის #4 საჯარო სკოლის დირექტორი.
"ის სკოლიდან ბულინგის გამო არ გადასულა, 2017 წლიდან ჩვენს მოსწავლესთან და მის ოჯახის წევრებთან საერთოდ არ გვქონია შემხებლობა. მოსწავლის სკოლიდან გადასვლა განპირობებული იყო მშობლის მოთხოვნით, რადგან ის აპირებდა პროფესიულ სასწავლებელში გადასვლას," - განაცხადა თბილისის #4 საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია მერებაშვილმა.