ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ უნდა იფიქროს.
ამ თემაზე დასმულ კითხვას მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე უპასუხა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ნიადაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს ხელში რჩება და გადაზიდვები კომერციალიზებულია. ვანო მაჭავარიანის ამ განცხადებას ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრებიც გამოეხმაურნენ.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მთავრობა რკინიგზის პრივატიზებას არ გეგმავს და აღნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრმა რესტრუქტურიზაციის რეფორმაზე ისაუბრა.
"რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს, არ განიხილება მსგავსი რამ და რაზეც იყო საუბარი ფინანსთა მინისტრის მხრიდან, ეს არის ძირითადად რეფორმა, რესტრუქტურიზაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს საერთაშორისო რკინიგზასთან მიმართებაში. მსგავსი ინფრასტრუქტურული საწარმოების და რკინიგზის ევროპული მოდელი ითვალისწინებს გარკვეულ რეფორმას შიგნით, რესტრუქტურიზაციას, როდესაც ინფრასტრუქტურა არის ცალკე გამოყოფილი და სარკინიგზო სერვისები ცალკე, მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვგეგმავთ რკინიგზის პრივატიზებას," - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, არასწორი იქნება, მოსახლეობას შეექმნას განცდა, რომ მთავრობა პრივატიზებას დღესვე იწყებს. ცქიტიშვილის თქმით, განხილვის თემა იყო, თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში მეტი კომერციული მონაწილეობა.
"ჩვენ არ ვსაუბრობდით რკინიგზის სრულ პრივატიზაციაზე, არამედ ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში მეტი კომერციული მონაწილეობა. დღეს რაიმე სახის საუბარი, რაიმე სახის წილობრივ მონაწილეობაზე, რამდენ წილს ვყიდით, როგორ ვყიდით, ვყიდით თუ არ ვყიდით, თუ ეს არის უბრალოდ შემოყვანა სხვადასხვა იჯარის თუ კონცესიის სხვადასხვა მოდელებზე არის ძალიან ადრე, ამიტომ ამ შემთხვევაში მოდით ტერმინი რკინიგზის პრივატიზაცია ამოვიღოთ ხმარებიდან, ეს არ არის სწორი," - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.