ევროსაბჭოს მინისტერიალის სხდომა თბილისში აღარ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაცია არ ჩამოვა. საქართველოს დედაქალაქის ნაცვლად სხდომა სტრასბურგში ჩატარდება.
ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები თბილისში.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბალანსს დავიცავდით, ერთი მხრივ არ ყოფილიყო გარკვეული პროვოკაციები და რისკი, კანონი არ დარღვეულიყო, მეორე მხრივ, ჩვენს ნაკისრ ვალდებულებებზე უარი არ გვეთქვა. დამკვიდრებული პრაქტიკაც არის ასეთი და ჩვენ შევთანხმდით - სტრასბურგში ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე, ისე, როგორც შეეფერება იმ ქალაქსაც და ჩვენს ქვეყანასაც. შესაბამისად, როგორც საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ თავის თავზე უნდა აიღოს ვალდებულება. როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ვერ არჩევს, ქვეყანას აყენებს ზიანს თუ "ქართულ ოცნებას", ამ დროს ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი ჩემი აზრით," - განაცხადა უმრავლესობის ლოდერმა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას თქმით, გადაწყეტილება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.
"ალბათ ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი, რომელიც ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა მიღებულიყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს თან ასეთი დელეგაციის ვიზიტს, რომელსაც უხელმძღვანელებს ლავროვი და რა თქმა უნდა, ის საფრთხეები, რომელიც არასოდეს არ არის მათგან გასაკვირი, რომელიც კიდევ ერთხელ მოემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა შექმნას, ამიტომ მე ვთვლი, მოცემული რეალობიდან გამომდინარე ნამდვილად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით," - აღნიშნა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ევროპის საბჭოს რიგით 130-ე მინისტერიალისთვის თბილისში, 14-15 მაისს უნდა ემასპინძლა. მინისტერიალს შესაძლოა დასწრებოდა ოკუპანტი ქვეყნის დელეგაცია და მათ შორის ის რუსი მაღალჩინოსნები, რომლებსაც ქვეყნის ოკუპაციის კანონი არაერთხელ აქვთ დარღვეული. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.
სწორედ ამის გამო, ევროსაბჭოს მინისტერიალის გამართვის ადგილად სტრასბურგი დასახელდა.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.