30 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე სამმა ბრალდებულმა, შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მალე დატოვოს

20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს. საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე პროცესი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ უფლებადამცველმა არ გამორიცხა, რომ სამივე ბრალდებულს პროკურატურამ საპროცესო გაუფორმოს. 

დაკავებულებს შორის ერთადერთი ბესიკ თამლიანია, რომელიც წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და მტკიცებულებებს დაუშვებლად ცნობს. ის ამბობს, რომ უდანაშაულოა. იგივე პოზიცია აქვს დაკავებულის დედასაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი შვილისგან განსხვავებით სამივე ბრალდებულს გაათავისუფლებენ.

პროცესი 27 თებერვლამდე გადაიდო, ვინაიდან ზურაბ ბუდაღაშვილსა და ბესიკ თამლიანს ამ დრომდე ერთი ადვოკატი იცავდა - ბრალდებულების ინტერესთა კონფლიქტის გამო უფლებადამცველმა ვახტანგ იაშვილმა პროცესზე თვითაცილების საკითხი დააყენა. შემდეგ სხდომაზე ბუდაღაშვილსა და თამლიანს სახაზინო ადვოკატები დაენიშნებათ.

სახელმწიფო ბრალდება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულებს 27 თებერვალს საპროცესო გაუფორმდეთ. საქმის პროკურორის თქმით, ირაკლი კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი ბრალდებას აღიარებენ და შესაძლოა, პირობითის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

პროცესმა პროტესტის ფონზე ჩაიარა. სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" აქცია პერფორმანსს მართავდა. სამოქალაქო აქტივისტები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებს უწოდებდნენ და მათ თავისუფლებას მოითხოვდნენ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები