30 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს - COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ არსებობს

16 დაღუპული და 95 ინფიცირებული - ირანში COVID-19 გავრცელებას ებრძვიან.

დაინფიცირებულთა შორის ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეცაა, ის მაღალი სიცხით პრესკონფერენციის შემდეგ კარანტინში მოათავსეს. საგანგაშო სტატისტიკის გამო ქვეყნაში დახურულია სასწავლო დაწესებულებები და კულტურული ცენტრები. დაავადების პრევენციის მიზნით, ირანთან საზღვარი ჩაკეტა ერაყმა, თურქეთმა, სომხეთმა და პაკისტანმა. საზღვარზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა ლიბანმა, ავღანეთმა, იორდანიამ და ქუვეითმა.

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, იზრდება დაღუპულთა და დაინფიცირებულ პაციენტთა საერთო რიცხვი. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყნაში კარანტინი არ გამოცხადდება, რადგან ჩვენ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ," - განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჯიმ პრესკონფერენციაზე.

კორონავირუსის გამო ირანის დედაქალაქიდან ანკარაში საგანგებო დაშვება განახორციელა თურქული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა. თეირანი-სტამბულის რეისზე 17 მგზავრს დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდა. თვითმფრინავის 132 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს და 2 კვირიან კარანტინში მოათავსეს. კარანტინი გამოცხადდა კანარის კუნძულებზე ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ვირუსით დაინფიცირებული იტალიელი ექიმი ისვენებდა. 1000-ზე მეტი ტურისტი კუნძულ ტენერიფეზე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 14 დღე დარჩება.

"მე აქ გაერთიანებული სამეფოდან ჩამოვედი. სასტუმროში კარანტინის გავლა მომიწევს, რადგან იტალიელი ექიმი ვირუსით დაინფიცირებული აღმოჩნდა. სასტუმროში ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა დისკომფორტს იწვევს ის ფაქტი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში შენობას ვერ დავტოვებთ," - აცხადებს ერთ-ერთი ტურისტი.

დაინფიცირების გაზრდილი სტატისტიკის გამო იტალიის 10-ზე მეტი ქალაქი კვლავ კარანტინში რჩება. ქვეყანაში ვირუსს 283 ადამიანი ებრძვის. ეს ევროპაში დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 7 პაციენტი. დღეს პირველი დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა იტალიის სამხრეთ ნაწილშიც. ქვეყანაში დახურულია სასწავლო და საჯარო დაწესებულებები. გადაიდო ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება. ჰოლივუდმა კი პოპულარული ფილმის "შეუსრულებელი მისიის" გადაღებები შეწყვიტა

"სწრაფი ტემპით იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. გაზრდილია დაღუპულთა მონაცემებიც. თუმცა ეს შემთხვევები მხოლოდ წითელ ზონებში დაფიქსირდა. იმედი მაქვს, ვითარება პანდემიურ ხასიათს არ მიიღებს. ამის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს,"- აცხადებს იტალიის სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომების მიუხედავად 1000-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. სეულში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დროებით დახურულია, ქვეყნის მასშტაბით დეზინფექცია ტარდება სახელმწიფო დაწესებულებებში .

"დაავადების შემთხვევები მატულობს, თუმცა ჩვენმა მედიკოსებმა ვირუსისგან უკვე 22 პაციენტი განკურნეს. მათ უკვე დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. უწყება ადგენს, თუ ვისთან ჰქონდათ კონტაქტი ახლადდაინფიცირებულ პაციენტებს. მთავრობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომებს ატარებს,"- განაცხადა სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კიმ კანგ ლიპმა.

ვირუსის გაზრდილი სტატისტიკის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო კორონავირუსის პოტენციური პანდემიისთვის მზად უნდა იყოს.

"შემაშფოთებელია ვირუსის გავრცელების ტემპი ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში. მიუხედავად ამისა ვირუსის გავრცელების შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ დროისთვის ჩვენ არ ვართ კორონავირუსის უკონტროლოდ გავრცელების და მასშტაბური სიკვდილიანობის პირისპირ. ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პანდემიისთვის მოემზადონ," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

კორონავირუსთან საბრძოლველად თანხის გამოყოფას გეგმავს შეერთებული შტატები. დონალდ ტრამპი კონგრესს ორნახევარ მილიარდამდე დოლარს სთხოვს. ამ დრომდე არ არსებობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოჯანმრთელებულთა პოზიტიურ სტატისტიკას აქვეყნებს. საფრანგეთსა და ვიეტნამში ყველა დაინფიცირებული განიკურნა. გამოჯანმრთელდა ეპიდემიის ეპიცენტრში უჰანში ვირუსით დაბადებული გოგონა, 17 დღის ახალშობილი მედიკამენტების გარეშე განიკურნა. 

დღის ამბები