რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვებისა და 150 მოწმის დაკითხვის შემდეგ, საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. კალანდიები მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. დავით სარალიძის მკვლელობისათვის კალანდიას ციხეში 11 წლისა 3 თვის გატარება მოუწევს.
მიხეილ კალანდიას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილების ყველა ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. ადგილობრივი სასამართლოების შემდეგ, მსჯავრდებულის დაცვის მხარე საქმის სტრასბურგში გაგზავნასაც აპირებს.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო.
პროცესს დღეს საქალაქო სასამართლოში მოკლული დავით სარალიძის მამაც ესწრებოდა, თუმცა, ზაზა სარალიძემ შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. მისი პოზიცია მოგვიანებით უფლებადამცველებმა ბრიფინგზე გააჟღერეს. ისინი გადაწყვეტილებას სამართლიანსა და მოსალოდნელს უწოდებენ.
მიხეილ კალანდია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილეა. გამოძიების დაწყებიდან თითქმის 2 წლის განმავლობაში, კალანდია საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა, 2019 წლის 4 ივნისს კი ის დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. კალანდიას დაკავებას წინ უძღოდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ მისი პასუხისგებაში მიცემა იყო.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე, ალექსანდრე ლეჟავა