მოწმე, რომელიც საზარელი მკვლელობის ერთ-ერთი პირველი თვითმხილველია, "კურიერთან" იხსენებს, რომ 18 წლის ახალგაზრდა დედას და ბებიას ხშირად ეჩხუბებოდა და სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. ზაზიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა იმ ოჯახის წევრები, სადაც ღამით ტრაგედია დატრიალდა, კონფლიქტის შესახებ არსად საუბრობდნენ.
წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტი გვიან ღამით უმძიმესი შედეგით დასრულდა. მძინარე თამარ ზაუტაშვილს და ზინა დარჩიაშვილს, მე-12 კლასის მოსწავლე მიხეილ ზაუტაშვილი თავს ნაჯახით დაესხა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ამას წინ, შელაპარაკება უძღოდა. დედისა და ბებიის მკვლელობის გამო დაკავებული, თავდაპირველად, შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა მოგვიანებით პოლიციაში თავად დარეკა და დანაშაულიც აღიარა.
მიხეილ ზაუტაშვილმა პოლიციას უამბო, რომ ოჯახში ხშირად ჩაგრავდნენ, იყო ძალადობის მსხვერპლიც. კონფლიქტი, ხშირ შემთხვევაში, სოციალური პრობლემების გამო, ყოფით ნიადაგზე მწვავდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ძალადობის მსხვერპლი იყო სკოლაშიც, რის გამოც წლების განმავლობაში რამდენიმე სასწავლო დაწესებულება გამოიცვალა. ბოლოს, სახლთან ახლოს მდებარე კერძო სკოლაში დადიოდა, რომლის საფასურსაც დაკავებულის დედა ხშირად ვერ იხდიდა.
სახლი, სადაც ორი ქალბატონის ცხედარი იპოვეს, ოჯახის საკუთრება არ არის. ისინი დროებით ერთ-ერთი ნათესავის სახლს აფარებდნენ თავს. დანაშაულის კონკრეტული მოტივი უცნობია. არის ეჭვი, რომ მძიმე დანაშაული 18 წლის ბიჭმა არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა.
"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ყველა ვერსიის გასამყარებლად კი, მიხეილ ზაუტაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება.