ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ სტატიით ქვეყნის ხელისუფლება დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს, თუმცა მის მიმართ შეერთებულ შტატებში მწვავე კითხვები მაინც არსებობს.
პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ წერილით, ხელისუფლება დასავლეთში საკუთარი იმიჯის გამოსწორებას ცდილობს.
"დასავლეთში უკვე საკმაოდ მყარად ჩამოყალიბდა აზრი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმის თაობაზე, როგორც იმასთან მიმართებაში, რომ ეს არ არის დემოკრატიული რეჟიმი, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად, ივანიშვილის რეჟიმი აძლიერებს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში. ამიტომ, ეს წერილი არის უბრალოდ მცდელობა, რომ საკუთარი იმიჯი გამოასწოროს ხელისუფლებამ დასავლეთში, თუმცა ამის უკან დგას ხელისუფლება, რომელმაც წლების მანძილზე არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წასულიყო ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სტატიის გამოქვეყნება იმის ჩვენებას ემსახურება, რომ თითქოს საქართველოს დასავლური აზროვნების პრემიერი მინისტრი ჰყავს.
"ეს სტატია არის უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ თითქოს პრემიერი არის პროდასავლური აზროვნების. სამწუხაროდ, ყველა ის ქმედება, რასაც ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება აკეთებს, საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ყველაფერი ეს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც დასავლური ვექტორი ჰქვია,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.