რიო-დე-ჟანეირო მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ფერად კარნავალს მასპინძლობს. ორსაუკუნოვანი ტრადიცია არც წელს დაირღვა და კარნავალის მეორე დღეს სამბას მოცეკვავეთა შეჯიბრს დაეთმო.
ბრაზილიაში ჩასული ათასობით ტურისტი სამბას სკოლების შეჯიბრს თვალს სამბადრომზე ადევნებს. თითოეული წარმოდგენა თითქმის ორ საათს გრძელდება, რის შემდეგაც ცეკვა არ წყდება და სამბადრომიდან რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში ინაცვლებს. ფერად სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები და ქალაქის სტუმრები მთელი კვირის მანძილზე ზამთრის დასრულებას ზეიმობენ.
რიო-დე-ჟანეიროს გარდა ცეცხლოვანი თავბრუდამხვევი კარნავალი ბრაზილიის სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება. სახალხო ზეიმში ადგილობრივებთან ერთად ქვეყანაში ჩასული მილიონობით ტურისტი მონაწილეობს.
ბოლივიაში, მაღაროელთა ქალაქი ორურო ტრადიციულ ფესტივალს მასპინძლობს. ადგილობრივები გაზაფხულის მოსვლას კოსტიუმირებული სანახაობით, ფოლკლორული სიმღერებითა და ცეკვებით ეგებებიან. კარნავალი ყოველი წლის თებერვლის ბოლოს ქალაქის მფარველის პატივსაცემად იმართება. ტრადიცია მე-17 საუკუნეში დაიწყო, სანახაობა წარმართული და ქრისტიანული კულტურების სინთეზია.
თებერვლის ბოლოს არაერთი კარნავალი იმართება ევროპაშიც. ვენეცია, ნიცა, ბარსელონა, ბერლინი თუ კიოლნი ერთი კვირა გართობის, საკვებისა და სანახაობის ქალაქებად იქცევა. კარნავალს მე-5 სეზონს უწოდებენ გერმანიაში. ძველ ტრადიციებს უკავშირდება, როდესაც ადამიანები ხმაურით, ყიჟინითა და მხიარულებით ზამთარს აცილებდნენ.
კათოლიკური სამყარო კარნავალებს დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მართავს. მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან კოსტიუმირებულ წვეულებებს, ქუჩის აღლუმებს და წარმოდგენებს ესწრება. კარნავალების სეზონი 29 თებერვალს დასრულდება.