ვარკეთილში, "ანას ბაღის" ტერიტორიაზე აქტივისტებმა და ადგილობრივებმა გვიან ღამით სკვერი გააშენეს, რომელიც დღეს გაიხსნა.
ადგილობრივების თქმით, მათ ტერიტორიის მოწყობისთვის რამდენიმე საათი დასჭირდათ. ამ ფორმით საკუთარი პროტესტი გამოხატეს. მათი მთავარი მიზანი კი "ანას ბაღის" გადარჩენაა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ მოსახლეობამ სამოქალაქო გმირობა გამოავლინა და სკვერი თავიანთი სახსრებით და ხელით ააშენეს, რაც რეალურად თბილისის მერიის ვალდებულება იყო.
"მარტივი გადაწყვეტილება აქვს მერიას მისაღები. ეს სკვერი თუ უნდა მოშალონ მაშინ, იქ მაინც გადაიტანონ, სადაც კორპუსს აშენებენ. ამ ადამიანებმა თავიანთი ფინანსებით და სახსრებით მოაწყვეს აქ ეს ბაღი, რისი ვალდებულებაც დედაქალაქის მერს აქვს,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.