30 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
რუსული "ჭიაყელა" საქართველოს კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ - ГРУ-ს დანაყოფები ჰიბრიდულ ომს აშშ-ში და უკრაინაშიც აწარმოებენ

რუსული "ჭიაყელა" და კიბერთავდასხმა საქართველოზე - სკანდალური გამოძიების შედეგები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთბრალდებების საბაბი ხდება. მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა დარწმუნებულია, რომ შეტევის უკან რუსეთი დგას, კრემლის პროპაგანდა დანაშაულის კვალის წაშლას კონტრბრალდებებით ცდილობს. ირონიული განცხადებების ფონზე, რუსეთს არც შაბლონად ქცეული დიალოგისკენ მოწოდება ავიწყდება, მოლაპარაკებებზე კრემლი იმ ამერიკელ დიპლომატებს ეპატიჟება, რომელთაც დღეს რუსმა კოლეგებმა პროფესიონალიზმი დაუწუნეს და ბულვარული ჟურნალების მეთოდებით მუშაობაში დასდეს ბრალი.

მოსკოვმა წარმატებით გააკეთა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - მთელი მსოფლიო საკუთარი თავის წინააღმდეგ გააერთიანა. საქართველოს გეოგრაფიული სივრცის დარღვევიდან 11 წლის თავზე, ახლა უკვე კიბერსიბრტყეში წამოწყებული ომი ბევრისთვის იმის ნიშანია, რომ ყველაფერი ახლა იწყება. თუმცა საქართველო არაა ერთადერთი, ვის მიმართაც კრემლი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

"ამ პრობლემას აწყდებიან არა მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება ევროპაშიც. ზოგიერთი ძალა იყენებს კიბერშეტევებს სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ: ერევიან არჩევნებში, ბიზნეს საქმიანობაში. ესაა ომის წარმოების ახალი გზა, რომელიც ქმნის უამრავ პრობლემას, რის გამოც სახელმწიფოთა დიდ ნაწილს უწევთ ფინანსური რესურსის იმისთვის მობილიზება, რომ თავი მსგავსი შეტევებისგან დაიცვან, დაიცვან საკუთარი საზღვრები, სისტემები თუ კიბერსივრცე, როდესაც რეალურად ამ ფულის გამოყენება უკეთესი მიზნებისთვის იქნებოდა შესაძლებელი, რაც ადამიანებს წაადგებოდათ" - აცხადებს ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე.

ევროპის სახელმწიფოებს შორის ГРУ-ს სპეციალურმა დანაყოფმა ყველაზე მეტად უკრაინა დაჩაგრა. უკრაინაზე კიბერშეტევები 2015-2017 წლებში ელექტროსისტემის გათიშვას, ფინანსურ, ენერგო და სამთავრობო სექტორზე დარტყმას, კიევის მეტროსა და ოდესის აეროპორტზე კიბერთავდასხმებს ითვლის. ოფიციალურმა კიევმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთის უკანონობის საკუთარი გამოცდილება მთელ მსოფლიოს შეახსენა.

ოკუპირებული და ანექსირებული მეზობელი სახელმწიფოები რუსეთის ერთადერთი ინტერესი არ არის. ამერიკაში, სადაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ხელი ოფიციალურად დადასტურდა, უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევას ისევ გეგმავს. "ამერიკის არჩევნებს არ გაეკაროთ" - ამ სიტყვებით მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ბერნი სანდერსმა მოსკოვს. საგულისხმოა, რომ 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სწორედ ის დანაყოფები ფიგურირებენ, რომლებიც საქართველოს შემთხვევაში. კიბერ-ექსპერტები აშშ-ში გამოთქმულ ვარაუდებს ლეგიტიმურად თვლიან და საქართველოს მეტი მობილიზებისკენ მოუწოდებენ.

ყველაფრის მიუხედავად კრემლი ჯიუტად ამტკიცებს, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა. ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, სადაც მოსკოვის ბრალეულობა საერთაშორისო სამართლის ნორმებმა დაადგინა. ამჯერად რუსეთმა მსოფლიოს მტკიცებულებების ნაკლებობა დაუწუნა.

არის, თუ არა საქართველო მზად მორიგი თავდასხმისთვის, განსაკუთრებით კი საარჩევნო წელიწადს - ამ კითხვაზე ცალსახად ნეგატიური პასუხი აქვთ ოპოზიციაში, სადაც საქართველოს კიბერ-სივრცის მოუმზადებლობაზე მიუთითებენ და ვერ იხსენებენ მთავრობის იმ ნაბიჯებს, რომელიც ხელშესახებ შედეგს მოგვცემდა.

ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობენ თავად მმართველ გუნდშიც, სადაც რუსეთის მორიგი აგრესია კრიტიკის სამიზნეა, ნაწილისთვის კი გაუგებარი ქმედება. ყველაფერთან ერთად "ოცნება" იმას უსვამს ხაზს, რომ ამ სიტუაციაში მთელი მსოფლიო საქართველო გვერდში დგას.

ოპერაცია "ჭიაყელამ" საქართველოში სამთავრობო გვერდების, ტელევიზიებისა და რამდენიმე კერძო კომპანიის სისტემები 2019 წლის ოქტომბერში გამოიყვანა მწყობრიდან. სამთვიანი გამოძიების შემდეგ კი დამნაშავედ მოსკოვი დასახელდა.

დღის ამბები