ბოლო მონაცემებით ირანში ახალ კორონავირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა. იქნება თუ არა, ირანთან ფრენების შეწყვეტა კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანაში კარანტინისათვის რამდენიმე ადგილი უკვე მოწყობილია. მათ შორის არის, საჩხერის კლინიკასთან არსებული სასტუმრო, სადაც 2-კვირიან კარანტინს საქართველოს 34 მოქალაქე გადის. ისინი ქვეყანაში გუშინ, ჩინეთიდან დაბრუნდნენ. კორონავირუსის სიმპტომი ამ დრომდე არცერთს არ გამოვლენია.
საქართველოში კორონავირუსის სავარაუდო სიმპტომების გამო, ლუგარის ლაბორატორიაში 20-მდე პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. არცერთ მათგანზე დადებითი პასუხი არ დაფიქსირებულა.
საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყნებს შორის რჩება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სამეზობლოში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების გამო, მთავრობამ კონკრეტული პრევენციული მექანიზმები აამოქმედოს, მათ შორის შეზღუდვები ავიამიმოსვლაზე.