სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პრაქტიკული საკითხების განხილვა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა იყო.
"სახალხო დაცვის აპარატის წარმომადგენლებთან პირველი, მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები რომელთა წინაშეც ვდგავართ. ასევე, მოვისმინეთ მათი რეკომენდაციები და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე," - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა.
ორივე სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა განიხილეს.
"იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი სამუშაო შეხვედრები დაგვეხმარება ჩვენც და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც იმისთვის, რომ მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისის მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ და არასათანადო მოპყრობის სხვადსხვა ფაქტზე, კარგი და დროული რეაგირება გვქონდეს," - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.