30 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
"ელჩებთან შეხვედრა და მათი საშუალებით მედიაცია" - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, აღარ შედგება

დიპლომატებთან შეხვედრით, სავარაუდოდ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს წერტილი დაესმევა. 100/50-ზე ოპოზიციისთვის არის მიუღებელი, ე.წ. გერმანული მოდელი კი "ქართული ოცნებისთვის". საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც თავის დროზე მოლაპარაკებების ორგანიზატორები იყვნენ, ოპოზიციის საკუთარ პოზიციას უახლოეს დღეებში გააცნობს.

ორსაათიან დახურულ შეხვედრაზე დღეს ოპოზიციის წევრებმა თბილისის მასშტაბით მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების დაყენებაზეც იმსჯელეს. მოლაპარაკების მონაწილეების განმარტებით, დედაქალაქში შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეულია და შესაძლოა, მუშაობა რეგიონებზე გაგრძელდეს.

დღეს ოპოზიციის წევრებმა "გირჩისგან" მოისმინეს დეტალები იმ მოლაპარაკებებისა, რომლებიც პარტიამ მმართველ გუნდთან ინდივიდუალურად გამართა. მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებასთან" ცალკე საუბარს ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება, "გირჩის" მიერ ხელისუფლებასთან დაფიქსირებული პოზიცია მათთვის მისაღებია.

უმრავლესობას დღეს ოპოზიციის წევრებთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ წამმზომი ჩართულია და საკონსტიტუციო ცვლილებების დასაინიცირებლად 9 დღიანი ვადა რჩება. თუ ოპოზიცია დათმობაზე არ წავა, არჩევნები არსებული, შერეული სისტემით გაიმართება.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრები გიგი უგულავას დაჭერის შემდეგ შეწყდა. ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აღარ აპირებს. 

დღის ამბები