კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო დღეს ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოფრინდება, ისინი საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაივლიან 2-კვირიან კარანტინს.
ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა, პანიკა, გარკვეულწილად, საქართველოზეც გავრცელდა.
მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით ვირუსს 2247 ადამიანი ემსხვერპლა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაივლის.
"ველოდებით საქართველოს 34 მოქალაქეს. კარანტინის გავლა მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. ეს არის იდეალური ტერიტორია - თუ მათ დასჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მოქალაქის გადაყვანა მარტივად მოხდება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.