30 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
ვერ მოვისმინე ის სიტყვები, რომელიც დამარწმუნებდა მიხეილ კალანდიას უდანაშაულობაში - სარალიძის ოჯახის ადვოკატი

მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 25 თებერვალს გახდება. თითქმის 6-საათიანი პროცესი უკვე დასრულებულია. 

"საქმის მოცემულობა იძლევა შემდეგ სურათს, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს მარცხენა მხრიდან ედგა, ხოლო მენაბდე იდგა მარჯვენა მხრიდან, იყო მცდელობა ადგილების გაცვლის, მაგრამ ეს მათ არ გამოუვიდათ. ობიექტურად მიდგომის შემთხვევაში, მოსამართლე მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს მიიღებს, თუკი ასე არ მოხდება, ეს იქნება ისევ პოლიტიკური დაკვეთით დატვირთული საქმე," - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ. 

რაც შეეხება სარალიძის ოჯახის ადვოკატს, მისი განცხადებით, კალანდიას უდანაშაულობის დამამტკიცებელი სიტყვები ვერ მოისმინა. 

"მე ვერ მოვისმინე ის სიტყვები, რომელიც დამარწმუნებდა მიხეილ კალანდიას უდანაშაულობაში და არაფერი  თქმულა იმ კადრებიდან დაწყებული, რაც თავდაპირველად "რუსთავი 2-მა" მიაწოდა საზოგადოებას, იქ ნათლად ჩანს კალანდიების ოჯახის მოძრაობა, თუ როგორ ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, როგორ მიდის იქ სუბელიანი და ხდება იმ ფაქტებზე შეთანხმება, თუ როგორ გადამალონ არასრულწლოვანი დანაშაულის დღეს," - განაცხადა დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ. 

საქმის პროკურორის განმარტებით, ვერსია, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, საქმეში არსებულ ინფორმაციას არ შეესაბამება.

"დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა დასკვნითი სიტყვა და ისაუბრა იმ ვერსიაზე, რომელსაც მთელი პროცესის განმავლობაში უჭერდა მხარს. ეს ვერსია არ შეესაბამება საქმეში არსებულ ინფორმაციას და პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს," - აღნიშნა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა. 

გამოძიება მიხეილ კალანდიას ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობას ედავება.

დღის ამბები