ციხიდან ახლადგათავისუფლებული ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საპატივცემულოდ გამართულმა ვახშამმა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებას ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად რესტორან "დარაბა არტ"-ში აღნიშნავდა, სადაც მისულ სტუმრებს 20-მდე ადამიანმა სირცხვილის კორიდორი მოუწყო.
აქციის მონაწილეებს შორის ყოფილი ხელისუფლების დროს დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლებიც იყვნენ, მათ შორის, მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი და მუხროვანის ამბოხების დროს მოკლული გია კრიალაშვილის და.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ვანო მერაბიშვილს და მის თანამოაზრეებს თავისუფლების აღნიშვნის მორალური უფლება არ ჰქონდათ.
"ორი გვამი გნებავთ?" - ეს იყო შეკითხვა, რასაც აქციის მონაწილეები მოსულ სტუმრებს უსვამდნენ. მცირედი შელაპარაკება გაიმართა ბუტა რობაქიძის დედასა და გია ბარამიძეს შორის.
კომენტარი გააკეთა ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს გარდაცვლილი გია კრიალაშვილის დამაც.
"160 ბიჭი ქუჩაში ჩაცხრილეს, ბოლოს წერტილი დაუსვეს, ბატონი იური თავისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ხალხს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ეს მკვდრები, რომლებიც მართლა მკვდრები იყვნენ და ახლაც გვამები არიან, გაცოცხლდნენ და ახლა იერიშზე გადმოდიან. კაცი, რომელიც ციხიდან გამოვიდა, ამდენი წელი ფიქრობდა იმას, რომ კიდევ მოითხოვოს გვამები?!"-განაცხადა ლია კრიალაშვილმა.
ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. რესტორნის ტერიტორია დატოვეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ასევე ვანო მერაბიშვილმა და მისმა სტუმრებმაც.
ავტორი: დავით ცაგარელი