გასულ წელს, სხვადასხვა სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევასა და ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საგარეო უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა, მმართველმა გუნდმა საბაბად გამოიყენოს და ინტერნეტ სივრცეზე მეტი კონტროლი მოიპოვოს, რომელსაც საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს.
"საინტერესო ის არის, საქართველოს ხელისუფლება ამ ბოლო წლებში რას აკეთებდა იმისთვის, რომ ამის პრევენცია მოეხდინა და სხვა მსგავს შემთხვევებზე, როგორი რეაგირება მოახდინა და მეორე საყურადღებო ამბავი ყველა ჩვენგანისთვის ასევე იქნება, ახლა ხომ არ გამოიყენებს ამ შეტევას იმის საბაბად, რომ თვითონ უფრო მეტი კონტროლი აიღოს მთავრობამ და უშიშროების სამსახურებმა ინტერნეტის კონტროლზე ქვეყნის შიგნით და მერე ეს გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის. ეს არის ალბათ ცალკე თანმდევი მნიშვნელოვანი საკითხი," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ესტონეთის სადაზვერვო ანგარიშს იხსენებს და ამბობს, რომ ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად უწყობს ხელს, ინტერნეტ სივრცეში რუსეთის პოლიტიკის გავრცელებას.
"ის, რომ ახლა დაადგინეს, რომ რუსეთი იყო დამნაშავე, ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებებიც, რომ ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციას აბრალებენ ხოლმე. ამდენი წლის მერე, ესეც მიუთითებს იმას, რომ არავითარი პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ იმისთვის, რომ რამე გამოიძიონ. ჩვენ არ დაგვავიწყდეს ასევე ესტონეთის სადაზვერვო ანგარიში, სადაც აშკარაა ზუსტად ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითონ უშუალოდ ხელს უწყობს ამ კიბერ სფეროში აქტიურად ზიზღის, რუსეთის პოლიტიკის გავრცელებას," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
28 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევისას პარალლიზებული იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდები. განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. საქართველოში გამოძიება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მოხდა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი