30 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
მასშტაბური კიბერშეტევა, რომლის შედეგადაც ათასობით ვებგვერდი პარალიზებული იყო, რუსეთმა განახორციელა - კონსტანტინიდი

გასულ წელს, სხვადასხვა სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რომ კიბერშეტევა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას ისახავდა მიზნად, ასევე, საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას.  

უპრეცედენტო მასშტაბის კიბერშეტევა, 2019 წლის 28 ოქტომებს განხორციელდა, საიტებზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა წარწერით - "მე დავბრუნდები".

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.  კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. 

აღნიშნული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და  სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის  ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. 

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით  და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. 

საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. 

მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების  განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას  და ასევე კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

თავის მხრივ, საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან  ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს," -  განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. 

დღის ამბები