30 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
უზარმაზარი სარკე და მინიმალისტური დეკორაცია  - 22 თებერვალს "სფეისჰოლი" ტექნოსცენის ლეგენდას - Richie Hawtin-ს უმასპინძლებს 

უზარმაზარი სარკე და მინიმალისტური დეკორაცია - სფეისჰოლი ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER-ის მორიგი ღონისძიებისთვის ემზადება. ფესტივალის 3 წლიანი ისტორიის მანძილზე, ის პირველად უმასპინძლებს თანამედროვე ტექნო სცენის ლეგენდას - Richie Hawtin-ს.

მუსიკოსი, რომლის ანგარიშზეც უამრავი წარმატებული პროექტია და მსოფლიო მასშტაბით, ელექტრონული მუსიკის მთავარ ინტელექტუალურ ძალად მიიჩნევა, 22 თებერვალს ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს.

მორიგი საფესტივალო საღამოსთვის შეიცვლება დარბაზის წყობაც და მთავარი სცენა უკვე არა ხალხის მოპირდაპირედ, არამედ მათ შუაგულში მოეწყობა, რათა არტისტთან მსმენელის მაქსიმალური კომუნიკაცია შედგეს. რიჩი კი ის მუსიკოსია, რომელიც საკუთარი მუსიკით მათთან უდიდეს კონტაქტს ამყარებს.

კანადელმა მუსიკოსმა რიჩი ჰოუტინმა მუსიკალური კარიერა 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ის ტექნოსცენის ერთ-ერთი  წარმატებული არტისტი და ბევრი დამწყები დიჯეის ინსპირაციის წყაროა. ჰოუტინი ელექტრონული მუსიკის პიონერი და ამავდროულად უკვე ვეტერანიც გახლავთ. მისი მუსიკა საზღვრებს არღვევს და არასდროს მეორდება. წარმატებული კარიერის გარდა, რიჩი ჰოუტინს მუსიკალური ტექნოლოგიების საპატიო პროფესორის წოდება აქვს.

მან მუსიკალური ცხოვრება, როგორც მულტიინსტრუმენტალისტმა და კომპოზიტორმა დაიწყო. მოწვეული არტისტების გარდა DECODER-ის აუდიტორიისთვის ქართველი არტისტი, The Forest დაუკრავს, რომელიც პროდიუსერისა და დიჯეის, ბაჩი თომაძის ჰიპნოტურ ტექნოზე ორიენტირებული პროექტია.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები