30 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში - მოადგილეების შტატების გაუქმებას არასამთავრობოები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებენ

6-საათიანი განხილვის შემდეგ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ გადაწყვიტა ის, რისიც სხდომის მონაწილეთა უმრავლესობას ეშინოდა. გიორგი კოხრეიძის ინიციატივის დამტკიცებით, ტელეკომპანიის სამი სამსახურის უფროსს 4 მოადგილის შტატი გაუუქმდა. დღევანდელი გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვლიდან შევა.

პროცესები ამით არ დასრულებულა. ბორდის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას და სამართლებრივ ჭრილში ბრძოლას აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე. მაია მერკვილაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც თანამდებობის დატოვება მოუწევს. მაუწყებლის არც ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება შეეხო, არ იცის, რა თანამდებობებზე გაგრძელებენ მუშაობას.

მაუწყებელში არსებულ სამსახურებში მოადგილეების შტატების გაუქმებას სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მრჩეველთა საბჭოს სხდომას მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა სახალხო დამცველიც. დღის მეორე ნახევარში საბჭოს სხდომაზე მისული ომბუდსმენის შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მედიაში განსხვავებული აზრის გამოხატვასა და თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მრჩეველთა საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს რამდენიმე აქციის ფონზე განიხილავდა. შენობასთან ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად, არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრები შეიკრიბნენ. კონტრაქცია კი ოცნების ქალაქის მოსახლეობამ გამართა, რომლებიც არხზე ცვლილებებს მხარს უჭერენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები