"ჰუმანიტარული კრიზისი თბილისელი პოლიტიკოსების თავებში ეძებოთ და არა მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე" - ოკუპირებული ცხიმვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ამის შესახებ საინფორმაციოს სააგენტო "РЕС" წერს.
საუბარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ ცხინვალში ქართული პრეპარატების აკრძალვასა და ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით მიმართავს.
მედოევი ზურაბიშვილს ურჩევს, მაღალ საერთაშორისო ინსტანციებს უფრო რეალური პრობლემებით მიმართოს.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს მიაქციონ ყურადღება, რომელთა რაოდენობამაც ზღვარს გადააჭარბა," - აღნიშნა ოკუპირებული ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა.
რაც შეეხება ქართული პრეპარატების შემოტანის აკრძალვას, მედოევი ამბობს, რომ აღნიშნული პრეპარატები საქართველოში არ იწარმოება და მათი წარმომავლობა უცნობია.
"სწორედ ამიტომ ისინი არასდროს მიეწოდებოდათ სამხრეთ ოსეთს და არასდროს მიუღიათ სერტიფიცირება და შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის აფთიაქებში მათი გაყიდვა დაუშვებელია," - განაცხადა მედოევმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო "აფთიაკურ რეიდებს" აწარმოებდა სააფთიაკო ქსელებიდან ქართული პრეპარატების ამოღების მიზნით. ე.წ. გამშვები პუნქტი რაზდახანი კი გასული წლის სექტემბრიდან დაკეტილია და დროებით მხოლოდ პენსიონერებისთვის იყო გახსნილი.