2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილებები შევა. წინა წლების მსგავსად ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში შეტანილი ცვლილებები:
ისტორიაში გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: "ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი" და "ისტორიული მოვლენის შეფასება".
"ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი" - აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.
"ისტორიული მოვლენის შეფასება" - აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი, შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.
მათემატიკაში აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
მიმდინარეობს უცხოური ენების ტესტის ერთ-ერთი დავალების აპრობაცია. შედეგების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, შევა თუ არა 2020 წლის ტესტში რაიმე ცვლილება.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სხვადასხვა საგანში:
აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2020 წელს უცხოური ენების ტესტებში იქნება ორი სახის სიახლე:
მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.
მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.
ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.