30 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
"საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი და სამი მრჩეველი ანგრევს სარედაქციო დამოუკიდებლობას" - აჭარის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა

სამი ორის წინააღმდეგ - აჭარის სამეურვეო საბჭომ ტელევიზიის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. იქნება საშტატო ცვლილებები, შემცირდება რამდენიმე სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი.

გადაწყვეტილებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ის ჟურნალისტების ნაწილმა და არასამთავრობოებმა გააპროტესტეს.

"აღმოჩნდა რომ არსებობს სერიოზული გადაცდომები და სამართლებრივი პრობლემები, რომელთა შემწყნარელობაც შეუძლებელი იყო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში. ჩვენ მივიღეთ საჯარო დაპირება დირექტორის, რომ არავის შრომის უფლება არ შეიზღუდება,"-აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ჩხარტიშვილი.

"მე მხარი არ დავუჭირე საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დანგრევას. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი და სამი მრჩეველი ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას. იყო ბევრი კითხვა, თუმცა დირექტორისგან არგუმენტი არ მომისმენია,"-აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე.

"განმარტებით ბარათში სრულად არ იყო ასახული კონკრეტულად რას ემსახურებოდა ამ ტიპის ცვლილება, გარდა იმისა, რომ მოადგილე არ ეყოლება კონკრეტულ სამსახურებს,"-აღნიშნავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამარ წილოსანი.

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები