ჩინეთში, კორონავირუსით უხანის საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ლიუ ზიმინგი დილით, 10:30 საათზე გარდაიცვალა.
ჩინეთმა ახალ კორონავირუსზე კვლევა და სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევაში წერია, რომ ინფიცირებულთა 80 პროცენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რისკჯგუფში კი მოხუცები და ისეთი პირები შედიან, ვისაც გულსისხლძარღვთა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ასევე დიაბეტი და ჰიპერტონია აწუხებთ. ვირუსით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში არიან ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალიც. გარდაცვლილთა უმეტესობა კი 80 წელსაა გადაცილებული.
ჩინეთის მიერ გავრცელებული პოზიტიური სტატისტიკის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის თქმით კი "კოვიდ-19"-ის პანდემიის რისკი მაღალია.
ჩინეთის გარდა კორონავირუსის გამო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია გემი Diamond Princess. იაპონიის პორტში შეჩერებულ კრუიზზე 3 თებერვლიდან კარანტინია. გემზე მყოფი 3 700 მგზავრიდან 500-მდე ინფიცირებულია. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც თავისი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა, ამერიკის შეერთებული შტატებია.
შტატების მსგავსად, გემიდან მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამაც. თუმცა, მანამდე მგზავრები ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორია კარანტინში ცხოვრება, სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ. გაირკვა, რომ მათ გემზე კაიუტების დატოვება ეკრძალებათ, დაურიგეს თერმომეტრები და დაავალეს დღეში რამდენჯერმე ტემპერატურის გაზომვა.
ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაიწყო და მსოფლიოს 26 ქვეყანაში გავრცელდა.