ირაკლი შოთაძის დამტკიცებას წინ უძღოდა პარლამენტის პიკეტირების მცდელობა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.
საბოლოოდ, აქტივისტებს შესასვლელების გათავისუფლება მაინც მოუხდათ. პროცესი საკანონმდებლო ორგანოსთან დიპლომატების გამოჩენამ ჩააცხრო, თუმცა ოპოზიცია ახალ აქციებს აანონსებს.
ყველაზე დიდი მობილიზება კი 4 აპრილს არის გამოცხადებული.
"გამოწვევა მიღებულია" - ამბობენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც, ირაკლი შოთაძის დამტკიცების გამო, კვლავ ხმაურიან შეკრებას აანონსებენ. დღევანდელი პროტესტის ბოლოს კი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე სიმბოლური მსვლელობა მოაწყეს.
პროტესტის შინაარსზე საუბრისას მმართველმა გუნდმა დღესაც ხალხის რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ოპოზიციას მხარდამჭერები არ ჰყავს.
"ქართული ოცნების" სკეპტიციზმის დასასრულს კონკრეტული თარიღი აქვს, - ირწმუნებიან გაერთიანებულ ოპოზიციაში.
4 აპრილამდე ოპოზიცია მცირე საპროტესტო პერფორმანსებს ისევ გეგმავს. პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჯარო მოხელეებს სხვადასხვა ღონისძიებაზე დისკომფორტს მუდმივად შეუქმნიან.