30 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
საბჭოთა კავშირის ჰიმნი პარლამენტში - არჩილ თალაკვაძის ანგარიში და "ევროპული საქართველოს" პროტესტი

საბჭოურმა ჰანგებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ზუსტად იმ დროს გაიჟღერა, როცა არჩილ თალაკვაძე რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა და ოპონენტებს აკრიტიკებდა. "ევროპული საქართველოს" წევრების პროტესტის ამ ფორმას კოლეგებისგან ღიმილი, ირონია და აპლოდისმენტებიც მოჰყვა.

პერფორმანსის ავტორებმა მოგვიანებით თქვეს, რომ მათ საბჭოთა კავშირთან ასოციაცია სხდომათა დარბაზში მარტო დარჩენილმა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა გაუჩინა.  

მმართველი გუნდისთვის პერფორმანსი, საბჭოური სიმბოლიკით დარბაზში, სადაც წლების წინ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მიუღებელია.

შეწყვეტილი გამოსვლა პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრით გააგრძელა. თქვა, რომ პარლამენტი უკვე მუშაობს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით შესწორებებზე, რომელმაც საარჩევნო გარემო უნდა გააუმჯობესოს. მიღწევებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდა. 

საპარლამენტო ტრიბუნიდან არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენების მწვავე კრიტიკა და გზავნილები კვლავ კომუნიკაციის პრობლემით ახსნა და თქვა, რომ ახლა მათ საქართველოდან შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებათ. მოხსნების გარკვეული ნაწილი ბიძინა ივანიშვილზე საუბარს დაუთმო და ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებს არაფორმალურად არ მართავს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას დღეს მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი უსმენდა. ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ, "ქართული ოცნება" დარბაზში მარტო დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც დატოვეს. ოპოზიცია, რომელიც ქუჩაში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ გავიდა, პარლამენტის საქმიანობასაც იწუნებს. არჩილ თალაკვაძე ოპონენტებმა დღეს იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ საკუთარ გამოსვლაში არაფერი თქვა გავრილოვის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და თავად დაიკავა ეს პოსტი. მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის კი ეს კრიტიკა მიუღებელია.

საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობის მეთაური და მინისტრთა კაბინეტის წევრები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. 

დღის ამბები