მმართველმა პარტიამ დღეს კიდევ ერთხელ შესთავაზა ოპოზიციას დიალოგი და კიდევ ერთხელ მიიღო უარი შეთავაზებაზე. ამ ეტაპზე ყველა თავის პოზიციებზე რჩება - 100/50 წელს და პროპორციული 4 წლის შემდეგ - ეს არის "ოცნების" კომპრომისი.
ოპოზიცია მანდატების ასეთ გადანაწილებაზე თანახმა არაა.
არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს დიალოგის აღდგენას კიდევ ერთხელ სთავაზობს. შეთავაზებას საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებით ამყარებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება კომპრომისული და სამართლიანია.
შეთანხმებას და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას ოპოზიცია გიგი უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში აპირებს. უმრავლესობას ოპოზიცია კვლავ აქციებისა და ბოიკოტირების რეჟიმიდან პასუხობს.
მოლაპარაკების ჩაშლაზე ოპონენტები პასუხისმგელობას მმართველ გუნდს აკისრებენ. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ბურთი ხელისუფლების მოედანზეა.
"ქართული ოცნება" მზადაა, პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგი ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატშიც გამართოს. მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ ოპონენტებისგან შემხვედრ კომპრომისულ წინადადებებსაც ელოდებიან.
უმრავლესობისა და ოპოზიციის ურთიერთობის ამ რეჟიმში მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის ბედი ჯერ კიდევ უცნობია.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი