30 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
ჭიათურაში რამდენიმე მაღარო პარალიზებულია - "ჯორჯიან მანგანეზი" მოსახლეობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ჭიათურაში რამდენიმე მაღარო პარალიზებულია. მიზეზი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზია", რომელიც მაღაროელებისთვის მიცემულ დაპირებას არ ასრულებს და მიყენებული ზარალის გამო კომპენსაცია არ იხდის.

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს. მაღაროში დასაქმებულები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ შეუსრულებელი დაპირებების გამო გაიფიცნენ.

ადგილობრივები კომპანიისაგან კომპენსაციას ითხოვენ და მეორე დღეა, მაღაროს შესასვლელი გადაკეტილი აქვთ.

ადგილობრივებს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მაღაროს შესასვლელი ნოემბერში ერთი კვირით ჰქონდათ პარალიზებული. მოსახლეობის თქმით, მაშინ კომპანია მათ კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა.

სასამართლო დავა კომპანიამ საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა. პროტესტის საპასუხოდ, "ჯორჯიან მანგანეზში" იმ დასკვნაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც შუქრუთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანება კომპანიის საწარმოო სამუშაოებს არ უკავშირდებოდა და ის საბჭოთა პერიოდში მიწის ქვეშ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით იყო გამოწვეული.

მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიას სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების უფლებას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ მისცემენ.

მაღაროების მფლობელი კომპანია კი მოსახლეობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი პროტესტი მაღაროს საქმიანობას აფერხებს, რაც ჭიათურელების შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები