30 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა ყარაჯალარში - "კურიერის" კადრები, სადაც სავარაუდო მოწმე გამოძიებას დანაშაულის ადგილზე მიუთითებს    

სოფელ ყარაჯალარში სასტიკი მკვლელობის სავარაუდო მოწმე დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას. "კურიერის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილს უზუსტებს. მოწმემ, რომელმაც სავარაუდოდ, დაინახა რა სისასტიკით მოკლეს ტაქსის 67 წლის მძღოლი, "კურიერთან" კომენტარს არ აკეთებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარიდან მალევე განზრახ მკვლელობისთვის 23 წლის პირი დააკავა, რომელიც წარსულში ძარცვის ფაქტზეა ნასამართლევი. ბრალდებულმა, სავარაუდოდ, გაძარცვის მიზნით, ტაქსის მძღოლი თბილისიდან სოფელ ყარაჯალარში ჩაიყვანა, ჯერ დაჭრა, შემდეგ გაქურდა და კვალის დაფარვის მიზნით, მანქანას მძღოლთან ერთად ცეცხლი წაუკიდა. 

სოფელ ყარაჯალარში დღეს მკვლელობის ადგილი მოინახულეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა. ახლობლები მკვლელობის მოტივებზე ვერ საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გარდაცვლილი 67 წლის მამაკაცი თბილისიდან იყო. ოთხი შვილი და მეუღლე ჰყავდა, ტაქსის მძღოლობით კი, ოჯახს არჩენდა.

სასტიკი მკვლელობის ერთადერთ ვერსიად ამ დრომდე ძარცვა სახელდება. თვითმხილველი, რომელმაც დამწვარი მანქანა და გვამი პირველმა აღმოჩინა, ამბობს რომ დაპირისპირება დაახლოებით გამთენიისას, 4 საათზე მოხდა, თუმცა გასროლისა და ჩხუბის ხმა სოფლის მცხოვრებლებს არ გაუგიათ.

"კურიერი" ესაუბრა ნაკვეთის მეპატრონესაც, ვის მიწაზეც მკვლელობა მოხდა. აჰმედ მეხტიევი იხსენებს, რომ სისხლის კვალი სავალ ნაწილზეც იყო. ადგილობრივი ვარაუდობს, რომ თავდაპირველად მძღოლი მძარცველმა მანქანაში დაჭრა, რომელიც გაქცევას ეცადა, თუმცა გზის სავალ ნაწილზე მათ შორის დაპირისპირება ისევ განმეორდა, რა დროსაც ნაკვეთის მესაკუთრის ვერსიით, 67 წლის მამაკაცი გზის სავალ ნაწილზევე გარდაიცვალა.

გაიზრდება თუ არა, დამნაშავე პირთა წრე ჯერჯერობით უცნობია. "კურიერის" ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება სხვა გარემოებასა და დამატებით პირების დანაშაულსაც იკვლევს, რომელმაც შესაძლოა, ამ საქმის სხვა ბრალდებულებიც გამოკვეთოს.

დღის ამბები