30 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
სინოდმა სასწრაფოდ უნდა დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ", - ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სინოდმა სასწრაფოდ უნდა დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის:

"ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ; დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სასწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის.

ამასთან ერთად, ყველა ეპარქიაში, ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის და ცოლის წინაშე, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ცოლს აღარ უნდა მასთან ცხოვრება.

დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად გაუცნობიერებელია და უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში. ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს ცალსახა და ნათელი იმპულსი, ყოველგვარი ”მაგრამ"-ის გარეშე. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ”, - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

შეგახსენებთ, სამტრედიაში მამაკაცმა ცოლი მოკლა. ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მეუღლე მივიდა და ყელი გამოჭრა. ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები