30 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი"- მამუკა მდინარაძე

უმრავლესობა ფიქრობს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება სამართლიანი და კარგი გადაწყვეტილება იყო. მათივე თქმით, შოთაძის ღირსეულმა ქმედებებმა უმრავლესობას მისცა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირათ ირაკლი შოთაძის კანდიდატურისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს შოთაძის სახით ეყოლება ღირსეული პროკურორი.

"როგორც კი კითხვები გაჩნდა პროკურატურასთან დაკავშირებით მაშინვე დატოვა შოთაძემ თანამდებობა. ეს კიდევ დამატებითი მოტივაციაა ნებისმიერი წევრისათვის უმრავლესობაში, რომ მისთვის დღეს მხარი დაეჭირათ. საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ კრიტიკულ შეკითხვებს, რომელიც თემის ირგვლივ დაისვა, უახლოეს მომავალში უნდა გაეცეს პასუხი.

"კრიტიკული შეკითხვები, რომელიც დაისვა უახლოეს პერიოდში უნდა გაეცეს პასუხი. უამრავჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ამისთვის შეიქმნა, უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით პარლამენტის 82 წევრის მხარდაჭერით დაამტკიცეს.

დღის ამბები