სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.