30 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის სასტიკ მკვლელობაში შესაძლოა კიდევ ერთი პირი ფიგურირებდეს

ფიგურირებს თუ არა კიდევ ერთი პირი ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეში - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

დღეს "კურიერის" კამერამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების კადრები გადაიღო, სადაც კონკრეტული პირი, სავარაუდოდ მოწმე, სამართალდამცველებს დანაშაულის ადგილზე მიუთითებს.

"კურიერის" ინფორმაციით, 23 წლის ბრალდებული რუსთავის პოლიციაშია გადაყვანილი და ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს.

გარდა ამისა, დღეს შემთხვევის ადგილზე მოკლული ტაქსის მძღოლის ახლობლები იმყოფებოდნენ.

"4 შვილი ჰყავს, გაოგნებული ვარ. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბრალდებული რომ დააკავეს, ეგ ამბავი მედიიდან გავიგე," - განაცხადა მოკლულის ოჯახის წევრმა.

23 წლის პირი, რომელმაც ტაქსის მძღოლი მოკლა, შემდეგ კი ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით ავტომობილში დაწვა, გუშინ დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევია. მან 67 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

დღის ამბები