30 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ისევ დაპირისპირებაა - თანამშრომლების ნაწილი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეზე საუბრობს

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მომავალ კვირას არხის სარედაქციო პოლიტიკის ახალი დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს. ბორდის შეხვედრა ოთხშაბათს არის დაგეგმილი, სადაც საბჭოს წევრებს თანამშრომლებთან ერთად მოუწევთ განიხილონ და განსაზღვრონ არხის სამომავლო სტრატეგია, მათ შორის შტატების შემცირების საკითხი. სავარაუდოდ, სხდომა ხმაურიანი იქნება. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ეჭვობს, რომ სამსახურის გარეშე დარჩება და არხის მენეჯმენტის წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოში აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და ღირებულებების გადასარჩენად ბრძოლას საზოგადოებასთან ერთად აპირებენ არხის ჟურნალისტები. ტელევიზიის და რადიოს თანამშროლები ეჭვობენ, რომ რეორგანიზაციის სახელით დაწყებულ ცვლილებებს პოლიტიკის ელფერი დაჰკრავს და გარანტიებს ითხოვენ, რომ სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი დარჩეს.

გენერალური დირექტორისთვის არხის თანამშრომლების პროტესტი გაუგებარია. გოგა კოხრეიძე ამბობს, რომ კომპანიაში გლობალურ ცვლილებებს არ გეგმავს და საინფორმაციო სამსახურის უფროსის შტატის გაუქმებას ტელევიზიის მცირე ფორმატს უკავშირებს.

"სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას", "დავიცვათ თავისუფალი მედია”, ამ სახელწოდებით ბათუმსა და ქუთაისში ჟურნალისტებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კოლეგების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ისინი თვლიან, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში, მედიის დამოუკიდებელ მუშაობას საფრთხე ექმნება და მათი მთავარი მოთხოვნა არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს.

აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს მხარს უჭერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მედიაორგანიზაცია სოლიდარობის აქციის გამართავს თბილისში ხვალ გეგმავს. 

დღის ამბები