მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენცია დასრულდა. გერმანიაში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა ქართულმა დელეგაციამაც. საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრა. მათ შორის ამერიკის თავდაცვის მდივანთან. მიუნხენშივე "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. კონფერენცია და ვიზიტის კონკრეტული შედეგები მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეაჯამა. როგორც დავით ზალკალიანმა რამდენჯერმე აღინიშნა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ევროპულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
ბავარიის დედაქალაქში, სადაც მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ, საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გაკეთდა. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთიმ თქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემამ ევროპაში აქტუალობა არ უნდა დაკარგოს. ევროპას კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზე ბორელიმ.
რუსული აგრესია რამდენიმე პანელის განხილვის თემა იყო. ერთ-ერთ ასეთ დისკუსიაზე შეკრებილ გამომსვლელებს შეკითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ქეთევან ჭუმბაძემ მიმართა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განმარტა, რომ გამოსავალი ევროკავშირის მიერ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტების შემუშავებაშია.
"რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილები კი მიტაცებული," - ამ სიტყვებით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეკრებილ აუდიტორიას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეომ მიმართა. მან დანარჩენ მსოფლიოს შეახსენა, რომ კრემლი იმ დესტრუქციულ ძალად რჩება, რომელიც სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის. ამის მაგალითად კი საქართველო მოიყვანა.
ამერიკის პირველმა დიპლომატმა მოსკოვს შეახსენა ისიც, რომ ვაშინგტონმა უკრაინა სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგა, რათა რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. მაიკ პომპეოსვე თქმით, საუბრები იმაზე, რომ ნატო მკვდარია, მეტისმეტად გადაჭარბებულია. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ კონფერენციის ფარგლებში გამართული რამდენიმე დისკუსიის ფარგლებში ალიანსი და ამ კონტექსტში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განხილვის ერთ-ერთი თემა იყო.
ოფიციალურმა ანკარამ მიუნხენში ნატოს გაფართოების იდეას და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ყოველწიურად იმართება, 14 თებერვალს დაიწყო. 3 დღის განმავლობაში 500-მდე დელეგატი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკასა და ევროპული თავდაცვის საკითხებზე მსჯელობდნენ. თუმცა, კონფერენციის კონცეფცია მოიცავს არა მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს, არამედ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სხვა აქტუალურ ასპექტებსაც.