მუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები დაასრულა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მაღალი რანგის მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ამერიკის დელეგაციასთან.
ორმხრივი და მრავალმხრივი თანმშრომლობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები - ეს ის თემებია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგასთან და ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კლაუდია როთის შეხვედრის დროს განიხილა.
ქართული მხარე კმაყოფილია კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრებით კმაყოფილია.
"ორივე შეხვედრა ძალიან შინაარსიანი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის აქტუალური. განსაკუთრებული აქცენტები რა თქმა უნდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას დაეთმო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში და კარგია, რომ მიუხენის კონფერენციაზე რამდენჯერმე აღინიშნა, რომ ჩვენი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
"შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ამ შესანიშნავ ქვეყანასა და ხალხზე. ვფიქრობ, ჩვენ, გერმანელებმა, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა იმ ცვლილებებისა და გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ცხადია საუბარია თქვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, იფიქროს, რომ გასაკეთებელი უკვე გააკეთა და რომ საქართველო შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. მე ვიყავი იქ. იმ ადგილს საზღვარს ვერ დავარქმევ, რადგანაც ის საქართველოს ტერიტორიაზეა. ვესაუბრე ხალხს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რომლებსაც იტაცებენ. ჩვენ, ევროპელებმა ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოში არსებულ ვითარებაზეც," - აღნიშნა კლაუდია როთიმ.