30 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
გუდაურში მოკლული 22 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ბარში მუშაობდა

გუდაურში მომხდარ მკვლელობას, წინასწარი ინფორმაციით, წინ უძღოდა დაპირისპირება  რამდენიმე ადგილობრივსა და კურორტზე თბილისიდან სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდას შორის. ცეცხლსასროლი იარაღით 22 წლის მამაკაცი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი. 

დაპირისპირების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც გუდაურში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, დაპირისპირება ახალ გუდაურში, გამთენიისას, ერთ-ერთ ბარში დაიწყო, ამის შემდეგ უკვე ბარის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა, რა დროსაც გასროლა მოხდა. შემთხვევის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ასევე დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი, ბარში სეზონურად იყო დასაქმებული. ასევე, არსებული ცნობით, სამართალდამცველებს დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და არ არის გამორიცხული, ის უახლოეს საათებში დააკავონ, მისი დაკითხვა ამ წუთებში ადგილობრივ პოლიციაში მიმდინარეობს. გუდაურში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ხმაური დაახლოებით 5 საათისკენ იყო. იყო შელაპარაკების და გინების ხმა და სავარაუდოდ, იყო სროლაც. ზუსტად არ გაგვიგია, უბრალოდ ესეთი ინფორმაცია გავიგეთ, რომ იყო სროლა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები