30 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
რუსეთის საწინააღმდეგო და საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები მიუნხენიდან - 56-ე კონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოება განიხილეს

რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილები კი მიტაცებული - ამ სიტყვებით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეკრებილ აუდიტორიას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მიმართა. მაიკ პომპეომ დანარჩენ მსოფლიოს შეახსენა, რომ კრემლი იმ დესტრუქციულ ძალად რჩება, რომელიც სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის, ამის მაგალითად კი საქართველო და უკრაინა მოიყვანა.

მაიკ პომპეოს მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის, twitter-ის საშუალებით, ამერიკის პირველ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.

შტატების გარდა, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ანკარა ნატოს გაფართოების მომხრეა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ საქართველო ალიანსის წევრობისთვის მზადაა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კი პრიორიტეტულ საკითხად რჩება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რუსეთის აგრესიამ ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე შეუქმნა. სწორედ ამიტომ, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ დისკუსიაზე წამყვანი თემა შავი ზღვის უსაფრთხოება იყო. დისკურსიაში ზალკალიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ქართულ დელეგაციას ორმხრივი შეხვედრებიც აქვს. დღეს დავით ზალკალიანი ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსსა და დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა, ასევე კოლეგას ლიხტენშტეინიდან. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მოლაპარაკება ფინელ კოლეგასთან გამართა, რა დროსაც მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. დაგეგმილია სხვა ორმხრივი მოლაპარაკებებიც.

მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე ყოველწლიური კონფერენცია რომელსაც 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ხვალ დასრულდება.

დღის ამბები