ბიუჯეტიდან დახარჯული 995 ათასი ლარი და უხარისხოდ აშენებული სახლები, სადაც სოციალურად დაუცველებს უნდა ეცხოვრათ - აუდიტის სამსახური ზუგდიდის მერიას 2017-18 წლებში განხორციელებული სამუშაოების გამო აკრიტიკებს. გაბზარული კედლები, არაპროპორციულად ჩასმული ფანჯრები, მოუწესრიგებელი გადახურვა და წყალგაყვანილობა - ასე გამოიყურება მერიის დაკვეთით აშენებული სოციალური სახლების უმრავლესობა. ბენეფიციარების ნაწილი ამ დრომდე სახლებში შესვლას ვერ ახერხებს, მერე ნაწილი კი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს.
აუდიტის სამსახურისა და ბენეფიციარების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს შპს "ევრომშენი 999"-ის დირექტორი. კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც მერიის დაკვეთით სახლები ააშენა, დარწმუნებულია, რომ შენობებს დაზიანებები სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა თავად მიაყენეს.
კორუფცია და საბიუჯეტო სახსრების მიზანმიმართული გაფლანგვა - ასე აფასებს ოპოზიცია ზუგდიდის მერიის მიერ 2017-18 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დაქირავებულ კომპანიებს ადგილობრივი მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. ოპონენტების აზრით, ზუგდიდის სოფლებში განხორციელებული მშენებლობების საქმით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
სოციალური სახლების მშენებლობის პროცესი, რომ ხარვეზებით წარიმართა ამას არც ზუგდიდის მერიაში უარყოფენ. მერიის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი კორუფციის არსებობას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს რომ დაინტერესების შემთხვევაში თვითმმართველობა გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.
2017-18 წლებში ზუგდიდის მერის თანამდებობას ლაშა გოგია იკავებდა, რომელიც ქრთამის აღებისთვის სასჯელს უკვე იხდის. იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო სამსახურები გოგიას მერობის დროს, სოციალური სახლების ასაშენებლად დახარჯული მილიონამდე ლარის კანონიერად განკარგვის საქმით დაინტერესდება, შესაძლოა ყოფილ მერს პასუხისგება კიდევ ერთ ახალ საქმეზე მოუწიოს.