თურქეთში მყოფ საქართველოს სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა. საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ქართველებმა ანკარაში ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი გაიარეს და სამშობლოში ბრუნდებიან. უხანიდან თურქეთში სპეცრეისით გადაყვანილი ქართველების მოქალაქეების ჯანმრთელობა, შესაბამისი კვლევებით რამდენჯერმე გადამოწმდა.
ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის ბოლო მსხვერპლი საფრანგეთში მყოფი ჩინელი ტურისტია. დაღუპულთა რაოდენობა 1526-მდე გაიზარდა.
პოზიტიურია ჩინეთში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. დაავადებისგან 9000 -მდე პაციენტი განიკურნა. თუმცა, ახალ კორონავირუსს ამ დრომდე 68 ათასამდე პაციენტი ებრძვის.
"80 წლის მამაკაცი ჩვენს საავადმყოფოში 25 იანვრის შემდეგ იმყოფებოდა. პაციენტს სასუნთქი გზების ინფექცია დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა, ბოლო დღეების განმავლობაში კი მედიკოსებმა ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს," - აღნიშნა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
ამ დრომდე კარანტინში რჩებიან იაპონიის ერთ-ერთ პორტში გაჩერებული ლაინერის მგზავრები. ბორტზე 4 ათასამდე ადამიანია, მათ შორის ამერიკიდან. დღეს გაირკვა, რომ შეერთებული შტატები თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს. ლაინერზე კორონავირუსი 218 პირს დაუდგინდა.
"აქედან წასვლის შემდეგ ორკვირიან კარატინს ამჯერად შეერთებულ შტატებში გავივლით. ეს საკმაოდ ბევრ პრობლემას შექმნის რადგან ჩვენ ბიზნესმენები ვართ და დიდი დროის განმვლობაში საკუთარ საქმიანობას ვერ დავუბრუნდებით," - განაცხადა აშშ-ის მოქალაქემ.
ვირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად ჩინეთის მთავრობა პეკინში ზომებს ამკაცრებს. მთვარობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ქალაქიდან პეკინში დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანი ორკვირიან კარანტინს გაივლის.
"ჩვენ გვჯერა რომ ეპიდემიას მალე დავამარცხებთ. კორონავირუსმა ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩინეთი დაძლევს ამ გამოწვევას და ეკონომიკური ზიანიც მხოლოდ მცირე დროით იქნება. ვირუსის პრევნციის მიზნით მთავრობა შესაბამის ზომებს იღებს. მინდა აღვნიშნო რომ არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, თუ სახელმწიფომ ჩინეთს ვირუსთან ბრძოლაში დახმარება გაუწია, ამისთვის მადლიერი ვართ," - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ეგვიპტეშიც. ახალი შემთხვევები ჩინეთის გარდა 28 ქვეყანაში ფიქსირდება.