კორონავირუსის გავრცელების რისკი საქართველოში ისევ ძალიან მცირეა. ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის არსებული სტანდარტებით პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს. საქართველოში ჯერ ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში სახიფათო ვირუსის გავრცელების სიმულაცია გაითამაშეს. ვის რა ევალება და რომელი უწყება რა როლს შეასრულებს, დღეს საკოორდინაციო საბჭოში განიხილეს.
ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში დაავადებასთან გასამკლავებლად კლინიკას სრული მზადყოფნა აქვს.
კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა იზრდება. მხოლოდ ბოლო ორ დღეში 20 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის ზრდა საგანგაშოდ არ ეჩვენებათ სპეციალისტებს და ამას ჩინეთში ვირუსის განსაზღვრების კრიტერიუმების შეცვლით ხსნიან.
მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდეს - ამის შესახებ Bloomberg-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსოლოგის განცხადების საფუძველზე იტყობინება. თუმცა მაღალია გამოჯანმრთელებულების სტატისტიკაც.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ვირუსით 1 486 ადამიანი დაღუპა, ინფიცირებულია 65 000-მდე, განიკურნა 4 131 ადამიანი. ვირუსი სულ 26 ქვეყანაში გავრცელდა.