რუსი ჰაკერის საქართველოდან ექსტრადირების შემდეგ რუსეთს ახალი მოთხოვნა აქვს. ამჯერად მოსკოვი თბილისისგან იაროსლავ სუმბაევისთვის ახალი ბრალის წარდგენას ითხოვს. საქმე მკვლელობის ორგანიზებას ეხება.
საქმე, რაზეც შუამდგომლობა ქართულმა მხარემ მიიღო, მოსკოვის ოლქში გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობას უკავშირდება. რუსი საგამოძიებო უწყებების ვერსიით დადგენილია, რომ დანაშაული შურისძიებას უკავშირდება, რადგან სწორედ შიშკინა იყო ის, ვინც რუსი ჰაკერების ჯგუფი საბანკო ანგარიშებიდან თანხების თაღლითურად დაუფლებაში ამხილა. რუსული მხარე მიიჩნევს, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს სუმბაევი ხელმძღვანელობდა.
იმ შემთხვევაში თუ ქართული მხარე რუსეთის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საქართველოდან ექსტრადირებულ ჰაკერს მოსკოვში მხოლოდ თაღლითობის მუხლით გაასამართლებენ. ევროკონვენციის თანახმად, ასეთი ბრალდებულების შემთხვევაში, დამატებითი დანაშაულის შესახებ ბრალი დაკავებულს იმ ქვეყანაში უნდა წარუდგინონ, საიდანაც მისი ექსტრადირება განხორციელდა.
ქართული კანონმდებლობით პროცედურა ასეთია - მთავარმა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რამდენად თანხვედრაშია რუსეთის მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამის შემდეგ საქმეზე მსჯელობას იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც თეა წულუკიანის უწყება მიიღებს. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული სახალხო დამცველის აპარატიც. ნინო ლომჯარიას მოადგილე ხელისუფლებას ურჩევს, სუმბაევის საქმეზე რუსეთს კიდევ ერთი სურვილი არ შეუსრულონ.
მუხლი, რომლითაც ჰაკერის გასამართლებას ითხოვენ, უმძიმესია და რუსეთში სასიკვდილო განაჩენსაც ითვალისწინებს.
იაროსლავ სუმბაევი საქართველოში ბოლო რამდენიმე წელი იმყოფებოდა. ის თბილისში 2018 წელს რუსი სამართალდამცველების მოთხოვნით დააკავეს. 9 თვიანი პროცედურის შემდეგ მისი ექსტრადიცია ლარსის გამშვები პუნქტის გავლით განხორციელდა.