ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიერ მანდატის გაუქმების გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მიიღებს და უკანონოდ ჩამორთმეულ სადეპუტატო მანდატს აღუდგენს.
მელიას მსგავსად, პოზიტიური მოლოდინები აქვთ მის უფლებადამცველებსაც. ადვოკატები განმარტავენ, რომ პარლამენტს მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ის სასამართლოს ყველა ინსტანციაში გამტყუნდებოდა. უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ამ გარემოებას გაითვალისწინებს.
მელიასგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს ოპოზიციის ნაწილს. ნიკა მელიას კოლეგების აზრით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სასამართლო სისტემა მმართველი პოლიტიკური ძალის ხელშია, გადაწყვეტილებას მხოლოდ მათი სურვილის შესაბამისად მიიღებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილის აზრით კი არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება პრეცედენტული გახდეს.
მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველი პარტიის წევრების თქმით, მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ მელია "ქართუ ჯგუფის" გაკოტრების საქმის ერთ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო, პარლამენტი ვალდებული იყო მისთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა.
ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი 2019 წლის 12 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ 88 ხმით შეუწყვიტა. კანონმდებლების ამ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს განაჩენი უძღოდა, რის მიხედვითაც მელია "ქართუ ჯგუფის" გაკოტრების საქმის ერთ ეპიზოდში დამნაშავედ იქნა ცნობილი. იყო თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ჯერჯერობით, უცნობია.
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მხარეებს ელექტრონულად რამდენიმე დღეში მიაწვდის.
ავტორი: ლაშა ველიაძე
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი